სიახლეები

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ახალი წესი - 2023 წლის 15 ივნისიდან

ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ახალი წესი - 2023 წლის 15 ივნისიდან

იმ მეწარმეთა საყურადღებოდ, ვინც აწარმოებს ეკონომიკური საქმიანობის მიზნით ხე-ტყის ტრანსპორტირებას, მიწოდებას ან შეძენას

შევიდა ცვლილება საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის N996 ბრძანებით დამტკიცებულ ,,გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ინსტრუქციაში, რომლის თანახმად იცვლება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი და განისაზღვრება ხე-ტყის საწყისი ნაშთების შესახებ ინფორმაციის წარმოდგენის ვადები.

ცვლილების თანახმად გადასახადის გადამხდელი ვალდებულია, 2023 წლის 15 ივნისის მდგომარეობით არსებული, მის საკუთრებაში არსებული ხე-ტყის ნაშთის შესახებ ინფორმაცია საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს არაუგვიანეს 2023 წლის 15 ივლისისა.

ასევე იცვლება ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის წესი: 2023 წლის 15 ივნისიდან ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის საფუძველი იქნება ხე-ტყის სასაქონლო შეტყობინება, ხოლო ხე-ტყის ნაშთების და მოძრაობის აღრიცხვა განხორციელდება ხე-ტყის აღრიცხვის ელექტრონული მოდულის სატესტო ვერსიის მეშვეობით. ამასთან, განხორციელებული ცვლილების თანახმად, ხე-ტყის სასაქონლო ზედნადების გამოწერის ვალდებულება არ გავრცელდება ერთხელ უკვე გამოყენებული (მეორადი) ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტის ტრანსპორტირებისას ან/და მიწოდებისას.

გაითვალისწინეთ, რომ ცვლილება ამოქმედდება 2023 წლის 15 ივნისიდან.

ცვლილების სანახავად იხილეთ თანდართული ფაილი - ფინანსთა მინისტრის ბრძანება 181, 29.05.2023

ხე-ტყის აღრიცხვის სატესტო მოდულის ვიდეო-ინსტრუქციის სანახავად იხილეთ ბმული https://www.youtube.com/watch?v=0GX4Ca4MSY8&t=6s ან შედით შემოსავლების სამსახურის საიტზე - rs.ge

უკან დაბრუნება